• დანტე ალიგიერი • ღვთაებრივი კომედია • Inferno •

  ეს იყო თემა, რომლის გამოც კინაღამ შემეტენა საგანი. პლაგიატში მითვლიდნენ, რადგან ეჭვი ეპარებოდათ, მართლა ჩემი დაწერილი იყო თუ არა. საბოლოოდ, დავალების განულებას და  ზოგადად ფეილს შუალედურმა გადამარჩინა.

image1დანტე ალიგიერის შემოქმედება არა მარტო აგვირგვინებს დასავლეთევროპული განვითარების ეტაპს, არამედ ხნის ახალ ფურცელს კაცობრიობის ისტორიაში, მას აღორძინებას უწოდებენ. რენესანსის ეპოქის შემოქმედებმა ყურადღების ცენტრში მოაქციეს ადამიანი (ანთროპოცენტრიზმი), რომაც მისცა სახელწოდება მთელ მოძრაობას–ჰუმანიზმი (ჰუმანუს(ლათინ.)– ადამიანური). მთავარი იდეა იყო მისწრაფება ჰარმონიულობისკენ, ყოველმხრივი განვითარებისკენ. აღორძინება არ იყო ანტიკური კულტურის უბრალო განახლება ან ხელახლა დაბადება, როგორც უწოდებენ, ეს იყო მომავლისკენ მიმართული გენიოსების ეპოქა, რომელმაც შეუფასებელი განძი დაუტოვა მსოფლიოს.

რენესანსის უსაზღვრობის გამო შეუძლებელია ყველაფერი განვიხილოთ, ამიტომ ავირჩიე დანტე ალიგიერის ‘’ღვთაებრივი კომედია’’ და მისი პირველი ნაწილი –ჯოჯოხეთი, რომელიც, ვფიქრობ, ცხადად წარმოაჩენს ამ ეპოქისა და მასთან ერთად დიდი ფლორენციელი მწერლის სოფლმხედველობას.

image2 “კომედია”, როგორც მას თავდაპირველად ეწოდებოდა (შემდგომ კი ჯოვანი ბოკაჩომ უწოდა ღვთაებრივი), აღწერს გრძნობათა, აზროვნების, სამყაროს შეცნობისკენ სწრაფვას. იგი მომხრეა პიროვნებისადმი პატივისცემისა და მისი დიდების. მიუხედავად იმისა, რომ ნაწარმოები ფანტასტიკურ ჟანრს მიეკუთვნება, მასში არაჩვეულებრივადაა გადმოცემული განცდები, მწუხარება, ცოდვათა მონანიება. მწერლის  მოგზაურობა ჯოჯოხეთიდან სამოთხეში უდიდესი ადამიანურობითა  და თანაგრძნობითაა აღწერილი. რამდენადაც ვიცით, ადრე დღევანდელისაგან განსხვავებით სხვა დამოკიდებულება იყო სიტყვების: კომედიისა და ტრაგედიის მიმართ.
კომედიაში იგულისხმებოდა ისტორია, რომელსაც მწუხარე დასაწყისი და ბედნიერი დასასრული ჰქონდა, ხოლო ტრაგედიას –საპირისპირო.

დანტე ალიგიერმა თავის ალეგორიულ პოემაში ჩააქსოვა მეცნიერული და ფილოსოფიური შეხედულებები, სიყვარული ბეატრიჩისადმი, სევდა , ტანჯვა და ოცნება. ამავდროულად ნაწარმოებს პოლიტიკური და რელიგიური დატვირთვაც აქვს. ვარაუდობენ რომ პოემა 1300 წელს დაიწერა. რადგან სიცოცხლის ბიბლიურ ხანგრძლივობად 70 წელი ითვლება, ფრაზაში “წუთისოფლის ნახევარი გზა რასაც გავდივართ”–საგულისხმოა , რომ მწერალი 35 წლისაა. “ღვთაებრივი კომედია” 3 ნაწილისგან შედგება, თითოეული კი –33 ქებისგან. ვფიქრობ, შეუძლებელია მკითხველს ეს რიცხვები უყურადღებოდ დარჩეს.  ავტორმა, რომლისთვისაც უცხო არ იყო სიმბოლოები, ქვეტექსტი ჩააქსოვა ამ ერთგვარ კანონზომიერებაში,როგორც 3 –წმინდა სამების, ხოლო 33 –იესო ქრისტეს ამქვეყნად გატარებული წლების სიმბოლო.

პოემის ქვესათაურად “ხილვაც” მოიაზრება. ხორხე ლუის ბორხესი აღნიშნავდა, რომ არ შეიძლება ხილვა დიდ ხანს გაგრძელდეს, ხოლო როგორც ცნობილია, დანტე ალიგიერი 14 წლის განმავლობაში წერდა ნაწარმოებს. სინამდვილეში, ხილვა შეიძლება ამდენ ხანს გაგრძელდეს, ჰალუცინაცია კი (რასაც ბორხესი გულისხმობდა)– არა.

ნაწარმოების დასაწყისში ავტორი უსიერ ‘’ტევრში’’–ტყეში ხვდება, ანუ კარგავს თავისი ცხოვრების ბილიკს, სხვაგვარად რომ ვთქვათ, მას ცოდვამ გადაუჭრა ღმერთისკენ მიმავალი გზა. ტყეს რამდენიმე მნიშვნელობით განიხილავენ. ერთნი აღნიშნავენ, რომ იგი უმეცრების სიმბოლოა, მეორენი მას ცოდვის აღმნიშვნელად მიიჩნევდნენ, მესამენი კი უფრო არა ამქვეყნიურ დანიშნულებას მიაწერენ: ხე– როგორც სამი სკნელის დამაკავშირებელი ორგანიზმი, რომელსაც ფესვები ქვესკნელში აქვს, ხოლო ტოტებით ზესკნელს წვდება. უსიერ ტყეს პოლიტიკური დანიშნულებაც აქვს, სამი მხეცით, რომლებიც ფლორენციის განვითარებას აბრკოლებენ (რომის ეკლესია– მგელი და სხვა, სახეების მნიშვნელობებზე დღემდე დაობენ). სწორედ აქედან იწყება პოეტის მოგზაურობა. გორაკი, რომლისკენაც სხივები (მეცნიერების სიმბოლო) მიუძღვება, ნეტარების სახედ აღიქმება. მას წინ ეღობება სამი მხეცი, ანუ ადამიანური ბუნების სამი მანკი, ესენია: ლომი–ქედმაღლობა, ამპარტავნება, მგელი–ანგარება,სიხარბე, ჯიქი–ავხორცობა.

დანტეს ვირგილიუსი–სიბრძნის სიმბოლო,(გულისხმიერი მამა) მიუძღვება ქვესკნელში. ძალიან ბევრ ნაწარმოებში ვხვდებით ადამიანის ჯოჯოხეთში ჩასვლის ფაქტს, და ეს კონცეფცია არ არის მხოლოდ ქრისტიანობისთვის დამახასიათებელი. ეს იდეა უდევს საფუძვლად აღმოსავლეთში გილგამეშის ეპოსს. მოგვიანებით, ცნობილია მითი “ქრისტეს ქვესკნელში ჩასვლისა, “ენეიდაში”– ენეასის მოგზაურობა სულთა სამეფოში, და რაც მთავარია– “ვეფხისტყაოსანი”: როდესაც ტარიელი თავის მეგობრებთან ერთად მიემგზავრება ქაჯეთს, რომელსაც ჯოჯოხეთთანაც აიგივებენ, შეიძლება მივამსგავსოთ დანტეს, რომელიც ვირგილიუსთან ერთად გადის ამ გზას. ქართულ პოეზიაში ეშმაკის სინონიმად ყოველთვის ქაჯი ითვლებოდა. “ვეფხისტყაოსანშიც” ისინი უხორცოდ არიან წოდებულნი: “ყოველთა კაცთა მავნენი, იგი არვისგან ვნებულნი. “დანტე ალიგიერს შოთა რუსთაველთან კიდევ ერთი ასპექტი აკავშირებს. ფლორენციელი პოეტი ისევე შორით ეტრფოდა ბეატრიჩს, როგორც შოთა რუსთაველი–თამარ მეფეს. ორივეს შემოქმედება შეიცავს სატრფოსადმი სიყვარულის მოტივს. ბეატრიჩი პოემაში–სიწმინდისა და ნეტარების სიმბოლოა. დანტეს იგი ღვთისმშობლის სახედაც გამოჰყავს პოემის დასასრულს.

მეტად საინტერესოა ჯოჯოხეთის აღწერა, რომელიც არ შეესაბამება ქრისტიანულ დოგმებს. სავარაუდოდ, იგი ანტიკური სამყაროდან უფროა ნასაზრდოები. მას ყველა სხვადასხვანაირად აღიქვამდა, აუცილებლად უნდა აღინიშნოს სანდრო ბოტიჩელის მიერ დანახული Dante’s Inferno.

 

image5დანტე და ვირგილიუსი მდინარეზე ქარონს გადაჰყავს და იწყება ცხრა გარსის მონახულება, რომლებიც ცოდვათა სიმძიმის მიხედვითაა განთავსებული.

I გარსი – “ეს უნებლიეთ დავაშავეთ, ადრე რომ გავჩნდით და ამიტომაც დაღუპვისკენ გვიქციეს პირი”. აქ დანტე ალიგიერი შეხვდება ქრისტემდე დაბადებულ ხალხს, ფილოსოფოსებს, მეცნიერებს: სოკრატე, ციცერონი, პლატონი და ა.შ.

II–ავხორცნი.

ელენე, კლეოპატრა, ფრანჩესკა და პაოლო, ტრისტანი და სხვანი.

III–ლოთები და მოქეიფენი, მათში დანტე შეიცნობს თავის თანამემამულეს ფლორენციელ – ჩიაკოს.

IV– ძუნწნი და მფლანგველნი. დანტე აქვე ნახულობს სიმდიდრის ღმერთს პლუტუსს. საინტერესოა პოეტის დამოკიდებულება სიმდიდრის მიმართ. მან აქვე მოათავსა მაღალი თანამდებობის სასულიერო პირები: კარდინალები, პაპები.

V– მწვალებელნი.

VI-გულღვარძლიანები.

 

მეშვიდე გარსამდე დანტე ალიგიერი იხილავს ქრისტეს სიკვდილს.

image6

VII-ტირანები და დესპოტები.

VIII- პირმოთნეები და ქურდები. პოეტი აქ მოხვედრას უწინასწარმეტყველებს პაპ ბონიფიციუს VII-ს.

IX- ეს არის სამყაროს ცენტრი, სადაც ისჯებიან მოღალატენი.

აქ ზის სამთავიანი ლუციფერი. მას ხახაში ჰყავს სამი მოღალატე: იუდა, ბრუტუსი, კასიუსი.

 

დანტეს, როგორც პერსონაჟის თვისებები ძალიან ფართოა, მისი სახე არ არის განსაზღვრული, ინდივიდუალური. ხშირად იგი გამოხატავს როგორც სიმპათიას, ისე სიძულვილსა და სიბრაზეს. მას არ შეუძლია უყუროს ტანჯულ სულებს, მაგრამ სიამოვნებს როდესაც გაწამებულ პოლიტიკურ მტერს დაინახავს. წარმოაჩენს სიამაყეს, თავის თავს  უდიდესი პოეტების რიგს მიაკუთვნებს და ამავდროულად ოცნებობს ბეატრიჩის, ღმერთის სიყვარულის პოვნაზე. ეშინია საფრთხის, თუმცა სიმამაცესაც ავლენს. ჯოჯოხეთით შეშინებული მაინც მიჰყვება მეგზურს გარსებში. ვირგილიუსი მოუწოდებს პოეტს, რომ შეიზიზღოს ცოდვა და აღარ შეიცოდოს სამართლიანად დასჯილი სულები. პოეტმა უნდა მიაღწიოს მორალის ზენიტს, სანამ დაიწყებდეს მოგზაურობას სამოთხეში. მიუხედავად იმისა, რომ დანტემ თავი პერსონაჟის სახით წარმოგვიჩინა, არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ მისი შეხედულებები და გრძნობები ყოველთვის არ ემთხვევა მწერლისას. მაგალითად: როდესაც დანტე ნახავს ბრუნეტო ლათინის სოდომიტთა შორის, პერსონაჟი ღრმადაა შეძრული  და თანაგრძნობას გამოხატავს მფარველის მიმართ. სინამდვილეში კი პოეტმა თავად დასდო ბრალი ყოფილ მფარველს და მოათავსა ღვთისმგმობელთა შორის. დანტემ ამ შტრიხით ასევე ხაზი გაუსვა მის ბიწიერ ბუნებას და გამოკვეთა ბრუნეტოს არატრადიციული ორიენტაციის საკითხი. ზემოხსენებულის მიუხედავად, პერსონაჟი–დანტეს თანაგრძნობა ხშირად ემთხვევა პოეტისას.

ნაწარმოები არ გადმოგვცემს მხოლოდ ავტორის მოგზაურობას. ისტორია წარმოგვიდგენს გენიოსის შეხედულებას, საყოველთაო, ქრისტიანული ღმერთის ძიების საკითხს. ფლორენციელი მწერლის მოგზაურობა მთელი კაცობრიობის მისწრაფებას ასახავს.

 

გამოყენებული ლიტერატურა:

https://www.khanacademy.org/humanities/medieval-world/late-gothic-italy/florence-late-gothic/a/dantes-divine-comedy-in-late-medieval-and-early-renaissance-arthttps://www.youtube.com/watch?v=tUYXGB8Uk4M
http://www.sparknotes.com/poetry/inferno/canalysis.html
http://en.wikipedia.org/wiki/Dante_Alighieri

 

 

Advertisements

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / Change )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / Change )

Connecting to %s