შუა საუკუნეები • დასავლეთ ევროპის კულტურა და სოფლმხედველობა

ბავშვობაში უამრავი დასურათებული წიგნი მქონდა ყველა ეპოქაზე. შუა საუკუნეები არასდროს მიყვარდა, არ ვიცი რატომ. ალბათ ვფიქრობდი, რომ არაფრით იყო გამორჩეული და უბრალოდ ამაზეც ხომ უნდა დაეწერათ რამე. როცა გავიზარდე, მივხვდი, რომ ასეც არ არის:

შუა საუკუნეები ძველი და ახალი მსოფლიო ისტორიების დამაკავშირებელი ნაწილია, რომელიც დაახლოებით 500–1500 წლებში მოიაზრება. მის დასაწყისს წყაროების უმრავლესობა დასავლეთ რომის დაცემას უკავშირებს, ასეა თუ ისე ე.წ. ბნელმა საუკუნეებმა, ხელოვნების თვალსაზრისით, საკმაოდ ბევრი რამ დაუტოვა კაცობრიობას. მეტად საინტერესოა ამ პერიოდის ადამიანის შეხედულებები.

დაურწმუნებლობის გრძნობა– წერდა ჟაკ ლე გოფი თავის “შუა საუკუნეების დასავლეთის ცივილიზაციაში”.  სწორედ ეს განაპირობებდა ამ პერიოდის ხალხთა აზროვნებას , რომელშიც ყოველთვის უპირისპირდებოდა ერთმანეთს ორი რამ , სინათლე და სიბნელე , სიცოცხლე–სიკვდილი, სიკეთე–ბოროტება და ა.შ. დაპირისპირება – ჩემიანი–სხვისიანი განვითარებას განიცდიდა საუკუნეების მანძილზე, თავდაპირველად სხვისიანად ნებისმიერ არაკათოლიკეს ან ერეტიკოსს მიიჩნევდნენ, თუმცა გარდა რელიგიისა განმასხვავებელ ნიშნად ენაც შეიძლებოდა ჩაეთვალათ. ამის საუკეთესო მაგალითია მე–13 საუკუნის პოეტური ქმნილება  “გლეხი გელმბრეხტი”,რომელშიც მოგზაურობიდან დაბრუნებული გლეხის შვილი ოჯახის წევრებს სხვადასხვა ენაზე მიესალმება, მამა შვილს ‘’სხვისიანად’’ ჩათვლის და არ დაუჯერებს სანამ მშობლიურ ენაზე არ დაელაპარაკება.

აუცილებლად უნდა აღინიშნოს სპეციფიკური დამოკიდებულება სიტყვა–თავისუფლებისადმი. “თავისუფალი ადამიანი – იყო ის, ვისაც ძლიერი მფარველი ჰყავდა”. აქედან გამომდინარე, გათავისუფლებული ადამიანი, შუა საუკუნეების ხალხთა წარმოდგენით, სასიკვდილოდ იყო განწირული.

დროთა განმავლობაში იცვლებოდა დამოკიდებულება შრომისადმი. მაშინ, როდესაც ადრეულ შუასაუკუნეებში მას დადებითად აფასებნენ, მოგვიანებით საძრახისი გახდა.

შუა საუკუნეებში მიხვდა ადამიანი მეცნიერების უდიდეს მნიშვნელობას, დადგა აუცილებლობა გონებაჭვრეტითი მეცნიერებიდან ექსპერიმენტულ მეცნიერებაზე გადასვლისა, ეს პირველად რობერტ გროსეტესტიმ მოახერხა და კვლევის ძირითადი საფეხურები ჩამოაყალიბა.

გაჩნდა კარგი  სწავლულების საჭიროება, განსაკუთრებით მედიცინასა და იურისპოდენციაში, ანუ მე–11–12 საუკუნიდან უკვე იქმნება ახალი სასწავლებლები.

ერთ–ერთი უმთავრესი განძი, რომელიც ამ პერიოდმა დაგვიტოვა კაცობრიობას–არქიტექტურაა. შუა საუკუნეების ყველაზე დამახასიათებელი არქიტექტურული ძეგლები რაინდთა ციხე–სიმაგრეებსა და ეკლესიებს მოიცავს. დასავლეთ ევროპის შუა საუკუნეების პირველმა უმთავრესმა არქიტექტურულმა სტილმა მეათე საუკუნიდან დაიწყო გავრცელება.

იგი რომანულის სახელითა ცნობილი. თუ ოქსფორდის ლექსიკონს დავუჯერებთ, დასახელება სიტყვა “რომაულიდანაა” წარმოშობილი. ასევე იწოდებოდა იმდროინდელი მთელი სახვითი ხელოვნებაც. სტილი ეყროდნობოდა  მასიურ კედლების, გეომეტრიული ფორმების – ცილინდრების პრიზმების, კუბებისა და პარალელეპიპედების დახმარებით გამოსახვას, დამახასიათებელი იყო ნაგებობათა კედლებში ვიწრო სარკმელები. რომანული სტილის მიხედვით იგებოდა ციხე–სიმაგრეები ფეოდალის ოჯახისათვის, რომელთაც თავდაცვის დანიშნულება ჰქონდა. მასთან სიახლოვეში იყო მოთავსებული სასურსათო და იარაღის საწყობი. რომანული ტაძრების ინტერიერს ამშვენებდა კედლის ფერწერა, ექსტერიერს–უმშვენიერესი ბარელიეფები, ისინი ეკლესიის გაძლიერებასა და ღვთის შიშის დამკვიდრებას ემსახურებოდა. მე–12 საუკუნის დასაწყისში ფრანგმა არქიტექტორებმა შეიმუშავეს ახალი–გოთიკური სტილი.

გოთიკის ტექნიკურ საფუძველს წარმოადგენდა ურთულესი კარკასული სტრუქტურა. რომანულისაგან განსხვავებით, გოთურ ტაძრებში, რომლებსაც ცენტრალურ მოედანზე აგებდნენ, აღარ ეშინოდათ დიდი სარკმლების ამოკვეთის. გუმბათის სიმძიმე ამჯერად აღარ იყო მხოლოდ კდლებზე გადანაწილებული, ნაგებობის ჰარმონიას ქმნიდა გასაოცარი თაღები,

რომლებიც უკავშირდებოდა დაბალ, მასიურ კონტრფორსებს. შედეგად, სიმძიმე თავისუფლად ნაწილდებოდა და ხსნიდა, მთლიან დაწოლას მთავარ კედლებზე. ამან განაპირობა უდიდესი ფანჯრების გაჩენა–ვიტრაჟებით, რომლებიც სინათლით ავსებდა ნაგებობას. გოთური ტაძრის აუცილებელ შტრიხს წარმოადგენდა ორი კოშკურა დასავლეთ მხარეს. ეს სტრუქტურის უმთავრესი ელემენტები იყო, ამასთანავე მათი არსებობა უკავშირდებოდა გარკვეულ ლეგენდას დემონებზე, რომლებიც ,ხალხის რწმენით, ღამე გამოდიოდნენ, კოშკურებს კი მრევლი უნდა დაეცვა მათგან. ფრანგული გოთიკის უმთავრესი სიმბოლოა ვარდი, რომელიც ღვთისმშობლის სახეს წარმოადგენს.

image11
მრავალი საუკუნის მანძილზე, სხვადასხვა ხალხები ღვთისმშობელს უკავშირებდნენ ამ ზეციურ ყვავილს, რომელიც ,თუ ლეგენდას დავუჯერებთ, ადამიანს აღუძრავს სამოთხეში ცხოვრების მოგონებას, ღვთისმშობელი კი ‘’უეკლო ვარდთან’’ ანუ უცოდველ , წმინდასთან ასოცირდება, სწორედ ამიტომაც იგი ფრანგული გოთიკური ტაძრების განუყოფელი   ნაწილია. როდესაც გოთიკაზე ვსაუბრობთ, დიდი დანაშაუილი იქნებოდა უყურადღებოდ დაგვეტოვებინა სენ–შაპელის ტაძარი.

გოთიკური არქიტექტურის ერთ–ერთი უმშვენიერესი ნიმუში, რომელიც პარიზის შუაგულში მდებარეობს. მის მდიდრულ ინტერიერში დომინირებს ვიტრაჟები, რომლებიც ტაძარს გამორჩეულ მომხიბლელობას სძენს. კედლის ყოველი სანტიმეტრი ხელითაა მოხატული და ქმნის ულამაზეს ფერთა გამას.

image14

ტაძარი აშენებულია ლუი IX -ის მეფობის პერიოდში , თავდაპირველად რელიქვიების  შესანახად, რომელთა ნაწილიც ჯვაროსნების მიერ იყო ჩამოტანილი კონსტანტინოპოლიდან. ტაძარში ინახებოდა ისეთი განძი, როგორიცაა ქრისტეს ეკლის გვირგვინი, ხელთუქმნელი ხატი და სხვა. უნდა აღინიშნოს, რომ ტაძარს არ ჰქონდა მხოლოდ რელიგიური დატვირთვა, იგი უმნიშვნელოვანეს როლს თამაშობდა მეფის პოლიტიკურ ამბიციებში. ბიზანტიის იმპერატორი განაგებდა რა  აღმოსავლეთ ქრისტიანულ სამყაროს აია სოფიიდან, ლუი IX –ს უღვიძებდა სურვილს სენ–შაპელი დასავლეთის საქრისტიანო ცენტრად ექცია. გარკვეული პერიოდის განმავლობაში ეს ასეც იყო.

გოთიკის ეპოქა– ახალი კულტურის აყვავების ხანაა, ამ დროს ჩნდება ქალაქების ახალი უმშვენიერესი ცენტრები, რომელთა მოედნებზეც ხშირად იმართებოდა სანახაობები , წარმოდგენები. მათ დავდაპირველად კრძალავდა ეკლესია, თუმცა ამან ვერ ჩაკლა ხალხის სანახაობისადმი სწრაფვა. ამგვარად, გადაწყდა თეატრი რელიგიურ მიზნებს დაქვემდებარებოდა,– ჩაისახა “საეკლესიო თეატრი”.

ვითარდება ლიტერატურა, ადამიანთა შეხედულებები. სწორედ ამ დროს ყალიბდება ახალი პროტოტიპი იდეალური ადამიანისა –რაინდი. ფეოდალური საზოგადოების უმკაცრესმა იერარქიულმა ჩარჩოებმაც ვერ ჩაკლეს ინდივიდუალურობისაკენ სწრაფვა. ამ პერიოდში ძალიან რთული ვითარება შეექმნათ უმცროს შვილებს, რომლებსაც იმდროინდელი კანონმდებლობის თანახმად მამის ქონება არ ეკუთვნოდათ. ისინი იძულებული ხდებოდნენ თავის რჩენის ალტერნატიულ გზას დასდგომოდნენ. ამან განაპირობა ე.წ. ახალი “უმიწაწყლო  რაინდთა” ფენის ჩამოყალიბება. ამგვარმა დამოკიდებულებამ თავი  იჩინა კურტუაზულ ლიტერატურაში, რომელიც რაინდული ღირსებებს ასხამდა ხოტბას.  ქადაგებდა ე.წ. კურტუაზულ სიყვარულს, რომელიც შეუძლებელს, ამქვეყნად განუხორციებელს წარმოადგენდა.
რაინდთა ბრძოლები, მათი სამიჯნურო და საგმირო თავგადასავლები ფართოდ აისახა ლიტერატურაში, გაჩნდა რაინდული ეპოსი: “არტურისეული” ციკლი, “სიმღერა ნებელუნგებზე”, “სიმღერა ჩემს სიდზე” და სხვ. ნაწარმოებები ერთმანეთს ბევრი რამით ემსგავსებოდა, მათში მოთხრობილი იყო ისტორიები რაინდთა, რომლებიც მიდიოდნენ საკუთარი თავის გამოსაცდელად, მოგზაურობდნენ, პოეტები კი აღწერდნენ მათ თავგადასავლებს. რაინდის უმთავრეს მიზანს წარმოადგენდა იმის გაგება , თუ სად იყო მისი შესაძლებლობების ზღვარი. ნაწარმოებებში რაინდებზე, ხშირად ვხვდებით უტრირებულ ფორმებს, შეცვლილ ისტორიებს, თუმცა ესეც შეხედულებათა ნაწილი იყო. მაგალითად განვიხილოთ “სიმღერა როლანდზე”, რომელიც ფრანგთა ისეთივე მნიშვნელოვანი ეპიკური ძეგლია , როგორც ქართველებისათვის “ვეფხისტყაოსანი” ან “ამირანდარეჯანიანი”, ესპანელებისათვის კი – “დონ კიხოტი”.

image15

შუა საუკუნეების ლიტერატურულ ძეგლს საფუძვლად ისტორიული ფაქტი უდევს კარლოს დიდზე. როდესაც მეფე ლაშქრობიდან ბრუნდებოდა, მის უკანასკნელ რაზმს ბასკები დაესხნენ და გაანადგურეს, რაზმთან ერთად დაიღუპა რაინდი–როლანდიც.  ისტორიული მოვლენა ტექსტში საკმაოდ შეცვლილია, ავტორმა, რომლის სახელიც არ არის ცნობილი(შეიძლება ხალხურიც ვუწოდოთ), მოიშველია ფანტაზია რათა მეტი მომხიბლაობა შეეძინა ნაწარმოებს. ამის გარეშე “სიმღერა როლანდზე” მეტად მშრალად მოგვეჩვენებოდა. ავტორმა, ბასკების ადგილას “ურჯულონი” აღწერა, ბრძოლებისაგან დაღლილი კარლოს მეფის უკეთ გადმოსაცემად აღნიშნა , რომ იგი “200 წელზე მეტის იყო” და სხვანი. სიუჟეტი საკმაოდ მარტივია, თუმცა ნათლად წარმოაჩენს შუა საუკუნეების ხალხთა შეხედულებას სამყაროზე. შეიძლება იგი ფრანგული საგმირო ეპოსის მწვერვალადაც მოვიხსენიოთ.

პირველი ვინც ამდენი ხნის შემდეგ მოახერხა და დაანახვა კაცობრიობას ადამიანის ნამდვილი სახე, იყო ჯოვანი ბოკაჩო, რომელმაც საფუძველი ჩაუყარა რეალისტურ ნოველას. თავისი “დეკამერონით” მან ხაზი გადაუსვა იდეალურ  ადამიანს, დასცინა გულუბრყვილობას, ფარისევლობას ,გააკრიტიკა “ღვაწლი სულის ცხონებისათვის”, გამოააშკარავა რელიგიის მსახურთა უმსგავსო საქმიანობა. ამით მან დაიმკვიდრა აღორძინების ხანის უდიდესი წინაბორბედის სახელი დანტე ალიგიერსა და სხვა გენიოსებთან ერთად. მათი შემოქმედება არა მარტო აგვირგვინებს დასავლეთევროპული შუა საუკუნეების პერიოდს, არამედ ხსნის ახალ – აღორძინების ეპოქას.

ამგვარად, საუკუნეების მანძილზე, თანდათანობით ყალიბდებოდა ჰუმანიზმი, რომლის მიმდევრებმაც კიდევ ერთხელ შეცვალეს  ადამიანისადმი დამოკიდებულება, მათ ნიმუშად აიღეს ანტიკური კულტურა, თუმცა ეს არ გულისხმობდა ათას ხუთასი წლის წინანდელი ცივილიზაციის განახლებას, საფუძველი ეყრებოდა უახლეს, აღორძინებულ კულტურას, რომელიც მომავლისაკენ იყო მიმართული.



გამოყენებული ლიტერატურა:
http://en.wikipedia.org/wiki/Middle_Ages
http://www.ciudadseva.com/textos/estudios/roldan/roldan02.htm
http://www.sacred-destinations.com/france/paris-sainte-chapelle

Advertisements

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / Change )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / Change )

Connecting to %s